პარლამენტი 2013 წლის  ბიუჯეტის პროექტს დღეს დაამტკიცებს

პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს დაამტკიცებს

პარლამენტი დღეს, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებს ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა უკვე წარუდგინა.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 8 748.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები 7 971.0 მლნ ლარს შეადგენს, გრანტები - 127.5 მლნ ლარს და კრედიტები - 650.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 7 255.4 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტით,  2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 422.5 მლნ ლარია. ასევე 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი  6 920.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.6%-ს შეადგენს. 2013 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ საპროგნოზო მაჩვენებელი 300.0 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

რაც შეეხება დაფინანსების გაზრდას, 2012 წელთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 535.0 მლნ ლარით იზრდება და 2 მილიადრ 345 მილიონ ლარს გაუტოლდება. სოციალური ხარჯებისკენ მიმართული იქნება მილიარდ 630 მილიონ ლარზე მეტი. დაზღვევასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმა ასეთია: - თებერვლიდან ივლისამდე დაუზღვეველი მოსახლეობისთვის საბაზისო პაკეტის შემოღებისთვის გათვალისწინებულია 68.0 მლნ ლარი, ხოლო პირველი ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის შემოღებისთვის გამოყოფილია 163.0 მლნ ლარი. სულ 2013 წელს ახალი ბენეფიციარების დაზღვევაზე 230.0 ლარზე მეტი მიიმართება.

რაც შეეხება პენსიებს, ასაკით პენსიონერთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსია 1 სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს - 150 ლარამდე გაუტოლდება. ამას გარდა,  1 აპრილიდან 67 წლის პენსიონერების პენსიას უფრო დაბალი ასაკის პენსიონერთა (110 ლარი) და პირველი კატეგორიის ინვალიდების პენსია (100 ლარი) გაუთანაბრდება და 125 ლარით განისაზღვრება. ასევე გაიზრდება II ჯგუფის ინვალიდების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების პენსიები და 100 ლარით განისაზღვრება.