სანიკიძე „ნაცების“ქუთაისის ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

სანიკიძე „ნაცების“ქუთაისის ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან მომხდარ ინციდენტში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელობის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და სამართალდამცავებს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სანიკიძემ განაცხადა, ინციდენტთან დაკავშირებით, ბევრი მითქმა-მოთქმა დაიწყო და მისი გვარიც ირიბად გაჟღერდა, თუმცა, ქუთაისში „ქართული ოცნების“ შტაბი უკვე დიდი ხანია არ არსებობს.

მისი თქმით, კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მეთაფლიშვილი იყო, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც ქუთაისში არ არის.

„ამ ინციდენტს, „ქართული ოცნება“ კატეგორიულად გმობს, რადგან არც არ უნდა მოგწონდეს პოლიტიკოსი, მსგავსი ფორმით მოქმედება მიუღებელია. გამოძიებული უნდა იყოს ეს ფაქტი და მზად ვარ, გამოძიებასთან ვითანამშრომლო. თავად უმცირესობის წევრმა, გიორგი თევდორაძემ მითხრა, რომ ადგილზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახი დვალიშვილი აღმოჩნდა, რომელიც მას ტერიტორიის დატოვებაში დაეხმარა“, - დასძინა სანიკიძემ.

დეპუტატი პრეზიდენტის ქუთაისში სტუმრობას კი, პროვოკაციად აფასებს.

როგორც from.ge-ის კითხვის საპასუხოდ, სანიკიძემ განაცხადა, პარლამენტში „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, რომლის მიხედვითაც, ეს სამსახური პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის.

„სააკაშვილი მარტვილის როლის მორგებას ცდილობს. აი, ნახეთ, დაცვა როგორ მჭირდებაო. ის დაბადებით პროვოკატორია“, - დასძინა სანიკიძემ.