სააკაშვილი: ჩვენ ხომ დავავიწყეთ ხალხს „ხადურები

სააკაშვილი: ჩვენ ხომ დავავიწყეთ ხალხს „ხადურები", ახლა ნახონ როგორები არიან ეს „ხადურები" სინამდვილეში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მთავრობის წევრებსა და ახალ ხელისუფლებას შორის განსხვავებას ქართველი ხალხი მალე დაინახავს.

„თვითონ ხალხმა ნახოს რა არის კარგი და რა არის ცუდი – ნახოს, ვინ ჯობია გვარამია, თუ ნაცვლიშვილი. ნახოს ვინ ჯობია, 2004 წელს კორუფციისთვის ჩემს მიერ გაგდებული ხადური თუ ჯაბა ებანოიძე, კახა დამენია თუ კიდევ ვიღაც სუბიექტები, რომლებიც არიან მთავრობაში. ხომ დავავიწყეთ ჩვენ „ხადურები", ახლა ნახონ როგორები არიან ეს „ხადურები" სინამდვილეში" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა, რომელიც სოციალური დახმარებების ლოზუნგით მოვიდა, უამრავი სოციალური პროგრამა შეაჩერა.

„ბათუმს შეუჩერეს უსახლკარო ადამიანების პროგრამა, შეუჩერეს დახმარებების პროგრამა და ეს არის ის ხალხი, ვინც მოვიდა სოციალური დახმარებების ლოზუნგით, ეს არის ის ხალხი, ვინც გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ვატერორებდით ბიზნესს, მაშინ როცა რაღაც მექანიზმებით ცენტრალიზებულად თიშავენ სალარო აპარატებს, შედიან და აწერენ ჯარიმებს პატარა ფირმებს, სადაც შესვლა ცხოვრებაში არავის მოუვიდოდა აზრად" - აღნიშნა პრეზიდენტმა.