მალაშხიას მძღოლის დაჯარიმის ფაქტზე რეაგირებას უმრავლესობის ნაწილი ითხოვს

მალაშხიას მძღოლის დაჯარიმის ფაქტზე რეაგირებას უმრავლესობის ნაწილი ითხოვს

საპატრულო პოლიციასა და  კანონმდებელთა შორის ურთიერთობასთან დკაავშირებით, უმრავლესობის პოზიციები ორად იყოფა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსფაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მოდიოდა, რა დროსაც მისი ავტომობილი პატრულმა სანომრე ნიშნების შემოწმების მოტივით გააჩერა.

„შოთ მალაშხია შეხვედრიდან მოდიოდა, პატრულმა გააჩერა, რომელიც ნახევარ საათზე მეტი იმას არკვევდა სანომრე ნიშნები სტანდარტული იყო თუ არა. მოგვიანებით კი, მის მძღოლს 100 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. მალაშხია ავტომობილიდან გადავიდა და პატრულის ეკიპაჟს უთხრა, რომ დეპუტატი ვარ და სხდომაზე მაგვიანდებაო. დღეს, მალაშხიას ვესაუბრე და შევთავაზე, რომ მისი მძღოლი  თუ თანახმა იქნება საკუთარი ქვითრით აპარატის წარმომადგენელს შეხვდეს და ვითარება გაარკვიონ“, - დასძინა სპიკერმა.

უსუფაშვილის განცხადებას ეკა ბესელია და დავით საგანელიძე გამოეხმაურნენ. ბესელიას თქმით, მასაც აჯარიმებენ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

საგანელიძემ კი, კონკრეტული ფაქტი მოიყვანა.

„პარლამენტისკენ ავტომობილით მოვდიოდი, წესი დავარღვიე, პატრულს ბოდიში მოვუხადე,  მათ კი, დარღვევისთვის დამაჯარიმეს. თუ დარღვევ, პასუხსაც აგებ. თუ  სანომრე ნიშანზე პრობლემა ჰქონდა და შეამოწმეს, რა არის მიუღებელი? პრეტენზია, რომ გააჩერეს ხანდახან გადამეტებულია“, - დასძინა საგანელიძემ.

კოლეგების განცახდებების პათოსი ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ დეპუტატის უფლებები დაცული უნდა იყოს და ამ ფაქტზე, რეაგირება უნდა მოხდეს.

„უმსგავსობაა, როცა დეპუტატი, რომელიც იმ ფაქტიდან მოდიოდა, გააჩერეს.  ჩვენც იგივეს გაგვიკეთებენ, თუ რეაგირებას არ მოვახდინეთ. ავტომობილიდან თუ გადავიდა და უთხრათ, რომ სხდომაზე მაგვიანდებაო 40 წუთი რისთის ალოდინეს?  ამაზე რეაგირება საპარლამენტო ინსტიტუტის სიძლიერისთვის არის საჭირო. ეს უნდა ვუთხრათ სამართალდამცავებს, რომ არ შეიძლება პარლამენტის წევრს ასე ექცეოდნენ“, - დასძინა ძიძიგურმა.

ძიძიგურის განცახდება ბესელიამ და საგანელიძემ კვლავ გააპროტესტეს, რაზეც  მკაცრი კომენტარი უსუფაშვილმა გააკეთა.

„ამ საკითხის თქვენამდე მოტანა, იმიტომ გადავწყვიტე,  რომ დასაბუთებული ეჭვი დამრჩა, რომ მალაშხიას მანქანას პატრული გამოყვა. საზოგადოებას კანონმორჩილების მაგალითი უნდა მივცეთ, მაგრამ კარგად გახსოვთ, ოპოზიციონერებს როგორ დაგვსდევნენ.   ქალბატონო ეკა, ამ ინფორმაციას ვამოწმებ ერთი საათია, ამ თემით, ვარ დაკავებული და  თქვენამდე ჭორები არ მომიტანია“, - დასძინა სპიკერმა.