მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა

მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე შეხვდა ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში შტეფან ფულეს; კვიპროსის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ერატო კოზაკუ-მარკულის; ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდს; საშინაო საქმეთა ევროკომისარ სესილია მალმსტრომს.

ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-13 სხდომაზე, რომელსაც ევროპული მხრიდან თავმჯდომარეობდა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე, ესწრებოდა ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში, საქართველოს დელეგაციამ დეტალურად განიხილა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები და ახალი მთავრობის პრიორიტეტები რეფორმების პროცესთან დაკავშირებით; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და „აღმოსავლეთ პარტნიორობა“; ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, მიმდინარე მოლაპარაკებები, ასევე, თანამშრომლობა სავიზო დიალოგის ფარგლებში; კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული თემები.

შტეფან ფულესთან შეხვედრისას, მხარეებმა,  ძირითადად, განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული თემები.

კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო როგორც საქართველო-კვიპროსის ორმხრივი თანამშრომლობის თემებს, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების აქტუალურ საკითხებს.

ჰელგა შმიდთან შეხვედრისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ქვეყნის შიდა განვითარებები და რეფორმების პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტამდე დასახული მიზნები, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების გზები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დეტალურად განიხილა საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის მიმდინარეობა სესილია მალმსტრომთან შეხვედრისას. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში შესაბამის შიდა პროცედურულ საკითხებზე მიმდინარე მსჯელობების დასრულებისთანავე, 2013 წლის დასაწყისში შედგება მისი საქართველოში ვიზიტი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ქართული მხარისათვის ოფიციალურად გადაცემის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში ევროპული პოლიტიკის სწავლებათა ცენტრში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე „საქართველო და ევროკავშირი: ახალი მთავრობის ხედვა“.