შსს-მ ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შსს-მ ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიებას ქუთაისის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აწარმოებს.

სამართალდამცველები დაადგენენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ.

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიეწოდება სრული ინფორმაცია.

ცნობისთვის, გუშინ ქუთაისში, პრეზიდენტის ვიზიტის დასასრულს ინციდენტი მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდებოდა, პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. როდესაც შეხვედრა დასრულდა, შენობიდან გამოსულ უმცირესობის წევრ დეპუტატებს „ქართული ოცნების“  მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,  მათ შორის, აკაკი მინაშვილს და მარიამ საჯაიას.

აკაკი მინაშვილი ფეხით გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრში, როდესაც მინაშვილმა აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფითვე უპასუხა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შედეგად, აქციის მონაწილეებმა მინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.