სააკაშვილი: ვითხოვ, თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის დაუყონებლივ გათავისუფლებას და ამ უკანონობის  შეწყვეტასა და აღკვეთას

სააკაშვილი: ვითხოვ, თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის დაუყონებლივ გათავისუფლებას და ამ უკანონობის შეწყვეტასა და აღკვეთას

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2“- ის გენერალური დირექტორის და განათლების ყოფილი მინისტრის, ნიკა გვარამიას დაკავებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა  ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია, როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორი ძალიან საეჭვო ბრალდებით დააკავეს.

„დღეს ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დააკავეს.  პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო ბრალდებით. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა, ეს არ არის ჩემი გამოგონილი. მფლობელებს ვერაფერი ვერ უპოვეს და ვერც უპოვიდნენ და დირექტორი დააკავეს, ასევე სრულიად ყალბი ბრალდებით. ძალიან სწრაფად და ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი იმათთვის, ვინც ამას აკეთებს, მე მინდა, ისინი გავაფრთხილო. საქართველოში ვერავინ დაამკვიდრებს იმ რეჟიმს, რასაც ისინი ესწრაფვიან და ძალიან ახლოს არიან სახიფათო ზღვართან. ამას ვამბობ, როგორც პრეზიდენტი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც აქვს მათ შორის, ისტორიული მახსოვრობა და მახსოვს, რა ხდებოდა აქ ბოლო ათწლეულებში. მე ვითხოვ, დაუყონებლივ გათავისუფლებას თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის, ისევე როგორც შეწყვეტას და აღკვეთას იმ უკანონობის, რომელიც არის და პასუხისმგებლობას იმ პირების, რომლებიც ამას ჩადიან. მინდა, გამოვთქვა არა მხოლოდ იმედი, არამედ ზუსტი რწმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად და ბევრად უფრო ჩქარა,  ვიდრე მათ გონიათ. თუ ვინმეს გონია, რომ ნგრევა ინსტიტუტების, არმიის, (გენშტაბის უფროსს, რომ დააკავებ თავდაცვის მინისტრის ტუალეტთან, ამას სხვა არაფერი არ ჰქვია), პოლიციის ნგრევა, როცა პოლიციას ეუბნებიან, რომ კრიმინალს თავი უნდა დაუხარონ, თავისუფალი პრესის, ნგრევა, შენობების ნგრევა, ეს არის ის გზა, რომელსაც ქართველმა ხალხმა არჩევნებში ხმა მისცა,  ძალიან სცდება. ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა სოციალური ვითარების გაუმჯობესებას და ამ ხალხისთვის პასუხი ის არის, რომ ბათუმს,  ქობულეთს და სხვა სოციალური ხარჯები შეუმცირეს? და უსახლკაროთა თავშესაფარი, რაზეც ამდენი ვიმუშავეთ? ამ სოციალურად დაუცველ ხალხს, რომელსაც ასე უჭირს, დღეს რითი პასუხობენ,  საკრებულოებში შეჭრებით და ვიღაცეების დაჭერებით და ეს უნდოდა იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის არსებობისთვის? მე მესმის, რატომ ეჩქარებათ ამათ, იმიტომ, რომ ვერ გრძნობენ თავს დარწმუნებულად,  ვინც ასეთ სპირალში შედის, გამოდის ძალიან ჩქარა ოღონდ სხვა მიმართულებიდან ამ სპირალის. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს და სხვა ქვეყნებსაც გავლილი აქვს. მე ბევრს დავდივარ უცხოეთში, მაგრამ იქ ამ თემებზე არ ვლაპარაკობ, აქ უნდა ვილაპარაკოთ და აქ უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.