ვანო მერაბიშვილი: სერიოზულ თემებზე ტელეფონით რომ არ უნდა ვისაუბრო, კარგა ხანია შეჩვეული ვარ

ვანო მერაბიშვილი: სერიოზულ თემებზე ტელეფონით რომ არ უნდა ვისაუბრო, კარგა ხანია შეჩვეული ვარ

„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას იმის დეკლარირებად მიიჩნევს, რომ უსმენენ.

როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეჩვეულია იმას, რომ ტელეფონში სერიოზულ თემებზე არ უნდა ისაუბროს.

„ის ჩანაწერი, რომელიც გამოაქვეყნეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიების ვერსიას. სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას და იმას, რომ სერიოზულ თემებზე ტელეფონით არ უნდა ვისაუბრო, კარგა ხანია შეჩვეული ვარ. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თანამდებობებზე აღარ ვმუშაობ, დასამალი აღარაფერი მაქვს. ყველაფერზე თავისუფლად შემიძლია საუბარი. ამ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნება კი იყო იმის დეკლარირება, რომ გვისმენენ" - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, გამორიცხავს თუ არა, რომ ამ სატელეფონო ჩანაწერის გათვალისწინებით დაკითხვაზე თავადაც დაიბარონ, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა, რომ დაკითხვების და პოლიციაში დაბარების პროცედურას ზოგადად ირონიულად უყურებს.