ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება იყო დარტყმა მასზე, როგორც „რუსთავი-2

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება იყო დარტყმა მასზე, როგორც „რუსთავი-2"-ის გენერალურ დირექტორზე

ნიკა გვარამიას ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება იყო დარტყმა მასზე, როგორც „რუსთავი-2"-ის გენერალურ დირექტორზე. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს გუშინ საღამოს, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ვნახე ნიკა გვარამია. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ წუთამდე მისთვის უცნობია კონკრეტულად რას ედავებიან. ზოგადად იცის, რომ ცრუ მეწარმეობაში ხელის შეწყობასა და ქრთამის მიცემის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, მაგრამ კონკრეტულად ეს რაში გამოიხატება, მისთვის უცნობია. მას არ ჩაბარებია დაკავების ოქმი, სადაც წაიკითხავდა თუ რის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება. ის თვლის, რომ მისი დაკავება უკავშირდება პერსონალურად მას და მის ამჟამინდელ სამსახურს. გვარამია მიიჩნევს, რომ ეს იყო დარტყმა მასზე, როგორც „რუსთავი-2"-ის გენერალურ დირექტორზე" - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა.

დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებული არიან: საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა ასევე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, „ხრამჰესი 1", „ხრამჰესი 2", შპს „მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია „თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს „ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.