სასამართლოებთან დაკავშირებით, უმრავლესობამ უმცირესობის მოთხოვნა არ გაითვალისწინა

სასამართლოებთან დაკავშირებით, უმრავლესობამ უმცირესობის მოთხოვნა არ გაითვალისწინა

საპარლამენტო უმცირესობა პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან „საერთო სასამართლოების“ საკანონმდებლო პაკეტის ამოღებას ითხოვს.

ეს საკითხი უმცირესობამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დასვა. უმცირესობის შეფასებით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტს აქვს მოსაზრება, რომ პარლამენტმა ამ ცვლილებაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იმსჯელოს.

უმცირესობის მოთხოვნა კენჭისყრაზე დადგა, მაგრამ წინადადება ჩავარდა და ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში დარჩა.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მონიტორინგის შეხვედრის დეტალებს გაეცვნენ და პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოხდება და მასზე მსჯელობა ჩვეულებრივ რეჟიმში წარიმართება.

„როგორც ყოველთვის, ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან გვსურს თანამშრომლობა და გაგებით ვეკიდებით მათ მოსაზრებებს, მაგრამ პარლამენტისა და ვენეციის კომისიის მუშაობის ტემპი არ არის თანხვედრაში და მარტამდე ეს საკითხი ვერ მოიცდის. პროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება და მასზე მსჯელობა  ჩვეულებრივ რეჟიმში გადავიდა“, - აცხადებს სპიკერი.

 „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე. ამასთან, ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრდა არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. ამას გარდა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. ასეე პროექტით ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან. ამასთან, ცვლილებებით, უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭირვალეობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწდომობა.