თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები დასუფთავების სამსახურის მუშაობით უკმაყოფილო არიან

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები დასუფთავების სამსახურის მუშაობით უკმაყოფილო არიან

საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების” წევრი ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისელებს საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა.

ამის შესახებ მან ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქალაქის დასუფთავების სამსახური, სამწუხაროდ, არ ფუნქციონირებს. არ იყრება მარილი. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ნუცუბიძის ფერდობი, გლდანი–ნაძალადევისა და მთაწმინდის რაიონები. მიუხედავად სინოპტიკოსების მიერ მოსალოდნელი ნალექის თაობაზე გაკეთებული არაერთი განცხადებისა, დასუფთავების სამსახური, სამწუხაროდ ვერ აღმოჩნდა სათანადოდ მობილიზებული. ამიტომ მოვუწოდებ გიგი უგულავას, სასწრაფოდ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ქალაქში ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყონ” - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება–თბილისის” თავმჯდომარის  გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ბიუჯეტის განხილვისას 10 მილიონი ლარის სუბსიდირებას დასუფთავების სამსახური თბილისის ბიუჯეტიდან, აღნიშნული სამსახურის ფუნქციონერებისთვის ითხოვდა.

„საინტერესოა, რისთვის ითხოვენ ამ ფულს, როდესაც რეალურად საქმე არ კეთდება. კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, დაასუფთაონ ქუჩები და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა” - აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.