საია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ განცხადებას from.ge უცვლელად გთავზობთ:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 400-ზე მეტი პირის ინტერესს იცავს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უმრავლესობა ქართველი მოსახლეობაა, რომლებმაც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით დატოვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ამასთან, საია წარმოადგენს ოს დაზარალებულთა ინტერესებსაც, რომელთა მიმართ დანაშაული სავარაუდოდ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისა თუ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ იქნა ჩადენილი. მათ შორის არის ხუთი ახალგაზრდა ოსი მამაკაცი, რომლებიც ამ დრომდე უგზოუკვლოდ არიან დაკარგულნი. ამასთან, არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ უკანასკნელად ისინი ქართველი სამხედროების/სამართალდამცავების ხელში ნახეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2010 წლის სექტემბრის ანგარიში საქართველოს მიერ ამ საქმეების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს.

საია-ს ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციით, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციის პროკურატურებში 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წლიდან მიმდინარეობს. თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის, ანდა რომელიმე საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დღემდე ცნობილი არ არის არც დაზარალებულებისა და მათი წარმომადგენლების და არც ფართო საზოგადოებისათვის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი 2008 წლის 14 აგვისტოდან წინასწარი მოკვლევის რეჟიმით საქართველოს სიტუაციას განიხილავს. 2012 წლის 27 ნოემბერს პროკურორის ოფისმა გამოაქვეყნა თავისი მეორე ანგარიში წინასწარ მოკვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ანგარიშის მიხედვით, პროკურორის ოფისს სურს გამოარკვიოს დასრულდა თუ არა მიმდინარე გამოძიებები საქართველოსა და რუსეთში, ასევე რამდენად შესაძლებელია მხარეებმა მიაღწიონ ურთიერთთანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ფარგლებში, რაც საქართველოსა და რუსეთის მიერ დასახელებული იქნა, როგორც ამ დანაშაულთა გამოძიების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება.

ვფიქრობთ, დაუშვებელია 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები დაუსჯელი დარჩეს. საქართველოს, როგორც რომის სტატუსის წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება გამოიძიოს კონფლიქტის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულები. საიას, როგორც ასობით დაზარალებულთა წარმომადგენლობის განმახორციელებელ ორგანიზაციას, აქვს მტკიცებულებები, რომელიც კონკრეტული დანაშაულების ჩადენის ფაქტებს ადასტურებს და რომლებიც ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2009 წელს იქნა მიწოდებული საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის. ამასთან, საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ ათობით დაზარალებულს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.

ომის დროს ჩადენილი დანაშაულები ჭეშმარიტად გამოძიებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა. ხოლო, თუკი ნათელი გახდება, რომ საქართველოს არ შეუძლია ან არ სურს ამ დანაშაულთა გამოძიება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დაიწყოს ოფიციალური გამოძიება საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების დროულად გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯის და დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების საჭიროებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულები, მათი წარმომადგენლები და ფართო საზოგადოება ინფორმირებული იყოს გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. მხოლოდ 2012 წლის 13 დეკემბერს "გურია ნიუსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადება, რომლის მიხედვით არც საქართველოს მთავარ პროკურატურაში და არც სხვა სამართალდამცავ უწყებაში გამოძიება 2008 წლის ომის საქმეებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ამ საქმეების გამოძიების საუკეთესო საშუალება საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია იქნება.

მიგვაჩნია, რომ თუკი საქართველოს მთავარი პროკურატურის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ მიმდინარე გამოძიების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნული დროულად უნდა ეცნობოს დაზარალებულებს, მათ წარმომადგენლებსა და საზოგადოებას" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.