ივანიშვილი: უცხოელი ჟურნალისტები დავარწმუნე, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

ივანიშვილი: უცხოელი ჟურნალისტები დავარწმუნე, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტები საქართველოში კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობისა და შესაძლო შერჩევითი სამართლის არსებობით დაინტერესდნენ. ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჟურნალისტებმა შეკითხვები დასვეს, ძველ ხელისუფლებასთან ურთიერთობას და შესაძლო შერჩევითი სამართლის არსებობას უკავშირდებოდა.

„დავარწმუნე ისინი, რომ საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. არ იქნება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზეც" - აღნიშნა ივანიშვილმა.

შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორში“ დახურულ კარს მიღმა დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრაში 21-კაციანი დელეგაცია მონაწილეობდა, რომლებიც წარმოადგენდნენ Berliner Zeitung-ის, Independent-ის, The Daily Telegraph-ის, Le Temps-ის, France 24-ის, Le Figaro-ს, TV TF-1-ისა და სხვა წამყვანი ბეჭდური გამოცემებისა თუ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს.

შეხვედრა ქართველი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო და მას საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეც ესწრებოდა.