ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული უწყებათაშორისი დელეგაცია წარმოდგენილი იყო მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართული მხრიდან შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, ხოლო აშშ-ს მხრიდან კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯონ ანდერსენი და სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკისა და ბიზნესის საქმეთა ბიუროს ორმხრივი ვაჭრობის საკითხთა ოფისის დირექტორი რობერტ მანო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისა და სხვა შესაძლებლობები; საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო გზის პოტენციალი; ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში, აგრეთვე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით თანამშრომლობის თემები.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა რჩება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან ასპექტად.