დავით ნარმანია: ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი სამსახურები კონტრაქტორ კომპანიებთან ყველა ვალდებულებას ასრულებენ

დავით ნარმანია: ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი სამსახურები კონტრაქტორ კომპანიებთან ყველა ვალდებულებას ასრულებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კონტრაქტორ კომპანიებთან ყველა ვალდებულებას ასრულებს.

მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია და ხშირია შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები დაქირავებულებს ეუბნებიან, რომ სამინისტრო არ რიცხავს შესრულებული სამუშაოების თანხას. ნარმანია ასეთ კომპანიებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი დაახლოებით ათამდე კომპანიაა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სამინისტრო და მისი სამსახურები - მუნიციპალური განვითარების ფონდი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სახელმწიფო სამშენებლო კომპანია - კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებით თავის კომპეტენციის ფარგლებში ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებენ. სატენდერო ხელშეკრულებებით გათავალისწინებული თანხები შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ჩაერიცხათ კონტრაქტორ კომპანიებს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მათ მიმართ დავალიანება არ გააჩნია"- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ყველა კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ვალდებულებას ახალ წლამდე შეასრულებს, სამინისტროს მხრიდან თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება.