„ქართუს“ გაკოტრების დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე კომპანიები,  მზად არიან  ბანკს  ზარალი  აუნაზღაურონ

„ქართუს“ გაკოტრების დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე კომპანიები, მზად არიან ბანკს ზარალი აუნაზღაურონ

 „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის, ალა კახნიაურის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც  შსს-ის ინფორმაციით, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების დანაშაულებრივ სქემაში ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად მონაწილეობდნენ, მზად არიან  ბანკს მიყენებული ზარალი აუნაზღაურონ.

როგორც from.ge-სთან საუბარში, კახნიაური აცხადებს, ისეთი საწარმო, რომელსაც ბანკ „ქართუს“ წინაშე დავალიანება აქვს, სულ 21-ია და ისინი მზად არიან სრულად აუნაზღაურონ ყველანაირი ზარალი, რომელიც ბანკს ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო მიადგა.

„კომპანიები მზად არიან, ბანკის სასარგებლოდ ისევ დატვირთონ ის ქონებები,  რაც მათ მიერ, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით იყო წაღებული და სრულად აუნაზღაურონ ყველანაირი ზარალი, რომელიც ბანკს ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო მიადგა“, - განაცხადა კახნიაურმა.

ამასთან, „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის განცხადებითვე,  გამოძიების ფარგლებში აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელები უკვე დაიკითხნენ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მიზნით, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებიც მონაწილეობდნენ.

„2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ აგლაძეს. აღნიშნულმა პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ „ქართუში“. ასეთ კომპანიებს შორისაა მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის იაგო ჩოჩელის შპს „ინტერპლასტი“,  შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს „პირიმზე“ და შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა“, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები შპს „ლოგოსი“ და ამხანაგობა „თეთრი სახლი“.

ყველა კომპანიამ,  შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით,  აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება, რის შემდეგაც მათი ქონება გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში. ჩატარდა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა და მათი გაყიდვა, პირდაპირი მიყიდვის წესით დაევალა ეკონომიკის სამინისტროს“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.