განათლების სამინისტრომ მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის თემაზე შეხვედრები დაიწყო

განათლების სამინისტრომ მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის თემაზე შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით ახალ პროექტს ახორციელებენ.

პროექტის „ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში”, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათი ინფორმაციით, მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ხოლო წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. გამოკვლევების თანახმად, რაც  უფრო  მეტადაა  ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას განათლების მიღების მნიშვნელობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მას სწავლების პროცესში შექმნილი პრობლემების გადალახვაში, მით უფრო მკვეთრად იზრდება  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება  სკოლაში. იზრდება მოსწავლის მოტივაცია, ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, იზრდება  სასკოლო გეგმაში დასახული მიზნების შესრულების ხარისხი, სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი.

სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სასწავლო გეგმის ექსპერტები და განათლების ფსიქოლოგები 17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, რუსთავის, ლაგოდეხის და თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

 

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის, შეიქმნა ელექტრონული ფოსტა mshobeli@mes.gov.ge , რომელზეც ყველა მშობელს და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა შეკითხვები და რეკომენდაციები გაგზავნოს. მშობელთა  სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს როგორც კვლევითი საქმიანობა, ასევე, მეთოდოლოგიურ რესურსებზე მუშაობა.