ნიკოლაი პეტრუშევი: თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯები საქართველოს მთავრობის მხრიდან

ნიკოლაი პეტრუშევი: თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯები საქართველოს მთავრობის მხრიდან

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას. ამის შესახებ პეტრუშევმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა ორიენტირებულები მხოლოდ განცხადებებზე არ უნდა ვიყოთ. უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯები საქართველოს მთავრობის მხრიდან. სამწუხაროდ, ისინი ჯერ არ საუბრობენ იმაზე, რომ არ გამოიყენებენ ძალას რუსეთის მიერ აღიარებული ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ"-განაცხადა პატრუშევმა.

მისივე თქმით, საქართველოში ახლა რთული პოლიტიკური ვითარებაა.

„ამის გარდა, ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო. ნათლად ჩანს წინააღმდეგობები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის. მათ უნდა გადაწყვიტონ შიდა პრობლემები და განსაზღვრონ, რომელს რა როლი აკისრია. ერთი მათგანი ამბობს, რომ დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში, მეორე ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება, ორივეს პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა"- აღნიშნა პატრუშევმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა საქართველო-რუსეთის ხალხის ისტორიულ კავშირებს და აღნიშნა, რომ ქართველი და რუსი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ და აქტიურად თანამშრომლობდნენ.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, სადაც რუსეთის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს. ამან სერიოზული სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირება გამოიწვია" - განაცხადა მან.