ბიძინა ივანიშვილი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ხვდება

სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე  პრემიერს ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტთა 21-კაციანი დელეგაციის შეკითხვებს უპასუხებს.

დელეგაციაში,  რომელიც თბილისს 12 დეკემბერს ეწვია,  არიან Berliner Zeitung-ის,  Independent-ის,  The Daily Telegraph-ის,  Le Temps-ის,  France 24-ის,   Le Figaro-ს, TV TF-1-ისა და სხვა წამყვანი ბეჭდური გამოცემების და ტელეკომპანიების ჟურნალისტები.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და ის ქართველი ჟურნალისტებისთვის დახურულია.

ქართული მედიისთვის კომენტარს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

შეხვედრას უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე და ასევე, პრემიერთან არსებული საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლები.