პროკურატურა ბუტა რობაქიძის მეგობრებისთვის ბრალის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ბუტა რობაქიძის მეგობრებისთვის ბრალის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის მეგობრებისთვის ბრალის მოხსნასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უარი თქვა კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე. ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამე, დაახლოებით, 01:30 თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, გააჩერა BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც კახაბერ აზარიაშვილი მართავდა. მასთან ერთად იყვენენ მისი მეგობრები - გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან (ბუტა) რობაქიძე. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ბუტა რობაქიძე გასროლით მოკლა. ამ დანაშაულისათის გიორგი ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის. შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ ბუტა რობაქიძის მეგობრებს, რომელთაგან გამოძიებამ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ამოიღო. ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეს ზემოხსენებულ ახალგაზრდებს ყალბია და სინამდვილეს არ შეესაბამება. კახაბერ აზარიაშვილს, გიორგი ქურდაძეს  და აკაკი ბართაიას ბრალად ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, პოლიციის მუშაკების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესახებ ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებიც განსახილველ საქმეზე არსებით გავლენას ახდენენ. საქმის განხილვა დანიშნული იყო 2012 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით კახაბერ აზარიაშვილის, გიორგი ქურდაძისა და აკაკი ბართაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე ბრალდების მხარემ  უარი თქვა.

გამოძიებით ასევე დადაგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები მივიდნენ. მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით, დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ, სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა. ამის შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე დაალაგეს. ბუტა რობაქიძის გვამთან დადეს "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით; ხოლო სხვა პირებს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა გაუნაწილეს და მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში ამგვარად შეიტანეს. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აიძულა გამოძიებისათვის ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცრუ ჩვენება მიეცა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.