სახელმწიფო თეატრებთან დაკავშირებით ცვლილებები მომზადდა

სახელმწიფო თეატრებთან დაკავშირებით ცვლილებები მომზადდა

თეატრის საერთო მართვას სამხატვრო ხელმძღვანელი განახორციელებს, რომელიც პასუხისმგებელი შემოქმედებით საქმიანობაზე იქნება, ხოლო დირექტორი წარმმართველი და პასუხისმგებელი თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზებულ და ფინანსურ საქმიანობაზე იქნება.

ეს რეგულაციები „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ კანონპროექტით შემოდის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, სამხატვრო ხელმძღვანელი ყველა თეატრს ეყოლება.

პროექტის მიხედვით, მინისტრის მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის თანანმდებობაზე დანიშვნის წესიც იცვლება. კერძოდ, მინისტრი მასთან არსებული ექსპერტ-კონსულტანტებისგან შემდგარი სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან სამხატვრო ხელმძღვანელს 4 წლით დანიშნავს.

ამასთან, საბჭოს წინაშე სამხატვრო ხელმძღვანელის განსახილველი კანდიდატის შეთავაზების უფლება ექნება თეატრის დასებს, შემოქმედებით საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს, ასევე სამკაცამდე შემადგენლობით ჯგუფებს.

ასევე, ცვლილებებით, თეატრს ეყოლება ადმინისტრაციულ-ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფისთვის დირექტორი, რომელსაც თანანმდებობაზე დასანიშნად  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს.

გარდა ამისა, ცვლილებებით, იმ შემთხვევებში თუ სამხატვრო ხელმძღვანელი არ იქნება რეჟისორი, სახელმწიფო თეატრებისთვის სავალდებულო იქნება ყოლა - მთავარი რეჟისორის ან სარეჟისორო კოლეგიის, ასევე მთავარი რეჟისორისა და მთავარი დირიჟორის.

ცვლილებების ავტორი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტია.