სასწრაფოს ექიმები სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობენ

სასწრაფოს ექიმები სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ადმინისტრაციას უნდობლობას უცხადებენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ დღეს, for.ge -ის პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს და სასწრაფოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მერვე ფილიალის ექიმის, ლევან ლომსიანიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბიუჯეტი არ შემცირებულა, სასწრაფო დახმარების ეფექტურობა მკვეთრად შემცირდა, რაც მისივე თქმით, რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული.

"გაიზარდა სასწრაფოს გამოძახებაზე მისვლის დრო, რაც დიდი საფრთხეა ჩვენი მოსახლეობისათვის, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკში ავტომანქანების უმრავლესობა ამორტიზირებულია , ხოლო მათი რემონტისთვის გამოყოფილი თანხები სავარაუდოდ, გაზრდილი და არარეალურია. მანქანების რემონტი არასრულყოფილად ხდება და თვეში რამდენჯერმე, თითოეულ მანქანას ტექნიკური პრობლემები ექმნება. როდესაც მწყობრიდან გამოდის ესა თუ ის ავტომობილი, მათ არ ჰყავთ რეზერვი შესაბამისად, ბრიგადის ექიმებს სამუშაო საათებს უხურავენ და მათ ანაზღაურების გარეშე ტოვებენ, თითქოს, ეს მათი დანაშაულია.

სასწრაფოსთვის შეძენილი იქნა გამოუსადეგარი აპარატურა პლანშეტური კომპიუტერების სახით, რომელიც ექსპლუატაციაში საერთოდ არ შემოსულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ადმინისტრაციას ექიმებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პლანშეტური კომპიუტერების მუშაობა შეუძლებელია ექსტრემალურ სიტუაციაში, მაინც შეიძინეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები, ახალი აპარატურით აღჭურვეს, ეს არის გაურკვეველი წარმოების დეფიბრილატორები , რომლებიც ხარისხით გაცილებით ნაკლებია იმ დეფიბრილატორებზე , რომლებიც სასწრაფოს აქამდე ჰქონდა.

ასევე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს სამსახურში ყოველთვიურად ხდებოდა სოლიდური პრემიების გამოყოფა, რაც სამედიცინო პერსონალისთვის აბსოლუტურად გაუმჭირვალეა . არ ვიცით, თუ ვინ იღებდა აღნიშნულ პრემიებს, რა რაოდენობით და რა დამსახურებისთვის. გვინდა, ეს პროცესიც იყოს გამჭვირვალე და თითოეულმა ექიმმა იცოდეს, ვინ არის ჩვენს სამსახურში ადამიანები, რომლებიც ყოველთვიურად პრემიებს იღებენ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი და კიდევ სხვა მრავალი, იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ სამსახურისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება . შესაბამისად, ვითხოვთ ფინანსურ შემოწმებას, რათა დადასტურებული ან უარყოფილი იქნას ყოველივე ზემოთქმული", - განაცხადა ლომსიანიძემ .

ლომსიანიძის თქმით, მათ აზრს იზიარებს სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადებიც და აღნიშნულის დასადასტურებლად, მან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების 300 ხელმოწერა წარმოადგინა.

მისივე თქმით, დღესდღეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უმძიმეს, არაადამიანურ რეჟიმში მუშაობს და აღნიშნავს, რომ სასწრაფოს ბრიგადებს არ აძლევენ დროს 24 საათის განმავლობაში კვებისა და პირადი ჰიგიენისთვის, რაც, მისივე თქმით, როგორც ექიმის ისე პაციენტების უფლებების დარღვევაა.

"მივმართავთ თბილისის მერიას , რათა ადმინისტრაციას დაკარგული აქვს თანამშრომლებში ნდობა, ნუ მისცემთ მათ უფლებას გახარჯოს 2013 წლის ბიუჯეტი, ისე როგორც ეს 2012 წლის განმავლობაში გააკეთეს. ჩვენი მოთხოვნაა 2013 წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით კი, ავტოპარკის განახლებისთვის გამოყოფილი თანხები არ განკარგოს არსებულმა ადმინისტრაციამ", - განაცხადა ლომსიანიძემ

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მედ . პერსონალთა ხელფასებზე და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია მრავალ სოციალურ პროგრამაზე და მრავალ სოციალურად დაუცველს ხმარდება, თანხების დამატებით გამოყოფას არ ითხოვენ.

უბრალოდ, მათი მტკიცებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხების მიზანმიმართულად განკარგვის შემთხვევაში, თანამშრომელთა ხელფასების გაორმაგებაა შესაძლებელი.