ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი ხვალ ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიურ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს. ევროკავშირის მხრიდან სხდომას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და კვიპროსის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკო მარკულისი დაესწრებიან.

სხდომაზე მხარეები იმსჯელებენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.