სააკაშვილი: ჩვენი ყველა რეფორმა მიზნად ისახავდა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის, ევროპული ტიპის ღია სახელმწიფოდ გარდაქმნას

სააკაშვილი: ჩვენი ყველა რეფორმა მიზნად ისახავდა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის, ევროპული ტიპის ღია სახელმწიფოდ გარდაქმნას

ევროპული ინტეგრაცია, გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უმთავრესი პრიორიტეტი, მისი პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური და რელიგიური განსხვავებების მიუხედავად. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტრასბურგში, თვითმმართველობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საერთო ფასეულობებზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-პოლიტიკურ და მენტალურ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა.

„1991 წლიდან მოყოლებული სტრასბურგში ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით ჩამოვდიოდი. მაშინ მე სტუდენტი გახლდით და ეს იყო დრო, როდესაც ჩემი ქვეყანა ის-ის იყო გათავისუფლდა საბჭოთა დომინაციისგან. სტრასბურგში იმისთვის ჩამოვედი, რომ რენე კასენის ინსტიტუტში გამეგრძელებინა სწავლა. სტრასბურგში ყოფნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი ცხოვრება. აქ მე ხელით შევეხე ევროპულ ოცნებას, რომელმაც მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრება განსაზღვრა - დაწყებული ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით და დამთავრებული ქვეყნის პრეზიდენტობით. სტრასბურგში მე შევხვდი არაჩვეულებრივ ჰოლანდიელ გოგონას სანდრა რულოვსს, რომელიც ჩემი მეუღლე გახდა. მახსენდება დრო, როდესაც ამ ძველი ქალაქის ქუჩებში მას ველოსიპედით დავყვებოდი და მისი გულის მონადირებას ვცდილობდი. ბუნებრივია, დღეს აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ იმის მიუხედავად, რომ ამ მოგონებების წყალობით, მთელი ცხოვრება გულით სტრასბურგელად დავრჩები. აქ ჩამოვედი, რათა მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმ პატივისთვის, რომელიც ჩემს ქვეყანას ხვდა წილად. განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო სტრასბურგის მერს ბატონ როლანდ რიესს, რომელმაც საქართველოს შესთავაზა ევროპის უძველესი და ყველაზე პრესტიჟული საშობაო ბაზრობის მასპინძლობა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 მისივე თქმით, საქართველოსთვის ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა და ამით საქართველოს საშუალება მიეცა ევროპას გააცნოს თავისი კულტურა, რომელიც, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ათასწლეულების განმავლობაში ევროპული კულტურის ნაწილი იყო.

„სტრასბურგი არის ამ პროექტის გული და სიმბოლო და კრიზისის მიუხედავად, ის დიდი პოლიტიკური ცვლილებების ქალაქია. ევროპული ინტეგრაცია, ევროპის თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში დაბრუნება, რომელსაც საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უმთავრესი პრიორიტეტი, მისი პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური და რელიგიური განსხვავებების მიუხედავად. სწორედ ამ იდეით ვხელმძღვანელობდით 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და მენტალური ტრანსფორმაცია წამოვიწყეთ. ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა რეფორმა, რომელსაც მიესალმებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც ამ რეგიონის უნიკალურ მოვლენას, მიზნად ისახავდა კორუმპირებული და ავტორიტარული პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის, დინამიკურ და ევროპული ტიპის ღია სახელმწიფოდ გარდაქმნას“ - განაცხადა სააკაშვილმა.