საია - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა გაუმჭვირვალედ ხდებოდა

საია - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა გაუმჭვირვალედ ხდებოდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პრეზიდენტის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა გაუმჭვირვალედ ხდებოდა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვის მიზანშეწონილობა და რაოდენობა საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდებოდა არანაირი მიზნობრიობის განსაზღვრა. ეს იყო გარკვეული თავისუფალი მოხმარების რესურსი და პრეზიდენტი და მთავრობა საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი საჭიროების დასაბუთების გარეშე ხარჯავდნენ ამ თანხებს" - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

საია-ს ანალიზის მიხედვით, 2010-2011 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებთან მიმართებაში მაღალია ე.წ. უცნობი ხარჯების წილი. 2010 წელს აღნიშნული თანხა შეადგენდა 20,591,792 მილიონ ლარს, რაც მთელი სარეზერვო ფონდის 38% იყო. ხოლო 2011 წელში იგივე ტიპის ხარჯები 16,571,714 მილიონი ლარი იყო, რამაც 34% შეადგინა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვაზე გავლენა მოხდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. კერძოდ, მარტო მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 33 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, პრეზიდენტის განკარგულებებში არ ყოფილა ასახული გამოყოფილი თანხების კონკრეტული მიზნობრიობა, რაც თვითმმართველ ერთეულებს გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის მეტ თავისუფლებას უტოვებდა.

საია-ს ინფორმაციით, 2010 წელში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ყველაზე დიდი წილი 12,890,824 ლარი (23,61%), კონცერტების, მუსიკალური კლიპებისა და სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყო. ხოლო 2011 წელს ხარჯების ყველაზე დიდი წილი 8,080,164 ლარი (16,39%), საცურაო აუზების, ბულვარების, სტადიონების, პარკებისა და კოტეჯის მშენებლობისთვის იყო გათვალისწინებული.

ამავე ანალიზის მიხედვით, 2012 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან ბევრად მეტი თანხის გამოყოფა მოხდა, ვიდრე ეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშში არის ასახული. კერძოდ, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესულების ანგარიშის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 40,984,000 ლარი გამოიყო. ხოლო საიას-თვის მოწოდებული განკარგულებების მიხედვით, აღნიშნული თანხა 44,612,057 ლარს შეადგენს.