მეჩითოვი: ანეკდოტის გათანაბრება პოლიტიკურ განცხადებასთან, მხოლოდ დამახინჯებულ ჭკუაში შეიძლება ჩნდებოდეს

მეჩითოვი: ანეკდოტის გათანაბრება პოლიტიკურ განცხადებასთან, მხოლოდ დამახინჯებულ ჭკუაში შეიძლება ჩნდებოდეს

ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი მიიჩნევს რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული და კოორდინირებული კამპანია განხორციელდა.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიშიც ის უკრაინელ ჟურნალისტს ესაუბრებოდა, ქართულად გახმოვანებული ტექსტი არასწორად იყო თარგმნილი, ხოლო თარგმნის ბეჭდურ ვერსიაში არარსებული კითხვები და პასუხები იყო.

„ის უწყინარი ვიდეო წელიწადნახევარი იდო სოციალურ ქსელში და არავის არ აწუხებდა დიდად. იგივე სურათები ჩემი ხელით არის დადებული ჩემსავე ოფიციალურ საიტზე და ამაში არაფერ საძრახისს არ ვხედავ. ეს ყველაფერი კოორდინირებულ კამპანიას ჰგავდა. მე რომ იურიდიულად უფრო მომზადებული ვყოფილიყავი, უნდა მეჩივლა. მე კანონი არ დამირღვევია. ანეკდოტის გათანაბრება პოლიტიკურ განცხადებასთან მხოლოდ დამახინჯებულ ჭკუაში შეიძლება ჩნდებოდეს"- განაცხადა მეჩითოვმა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ, ის სავარაუდოდ, უწყებაში მუშაობას შეძლებს.

„სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და რეორგანიზაციის შედეგად რაღაც ადგილი მექნება. ჯერ ჩემი ადგილი არ არის განსაზღვრული. რაღაც ადგილს შემომთავაზებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, მინისტრის მოადგილეობაზე ამ აბსურდის თეატრის გამო, რომელიც მოხდა, საუბარი აღარ იქნება" - აღნიშნა მეჩითოვმა.