არეშიძე: კონკურსში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ საზოგადოებას ექნება სურვილი, მე ვიყო ამ თანამდებობაზე

არეშიძე: კონკურსში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ საზოგადოებას ექნება სურვილი, მე ვიყო ამ თანამდებობაზე

თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე შემოთავაზება იქნება, დავთანხმდები - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ საზოგადოების მხრიდან მისი კანდიდატურის დასახელების მოთხოვნა არ იქნება, კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე მოვიაზრები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად, რაც ზუსტი ამბავი არ არის. ეს არის უბრალოდ საზოგადოების ერთი ჯგუფის ინიციატივა, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ძნელი დასაჯერებელია და ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს. არც მიფიქრია ამის თაობაზე, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ ნაბიჯის გადაგმა. ოღონდ, იმ შემთხვევაში თუ დავინახე, რომ საზოგადოებას სურს, რომ მე ვიყო ამ თანამდებობაზე. ასეთ შემთხევევაში შესაძლოა მივიღო კონკურსში მონაწილეობა. ეს იმისთვის მჭირდება, რომ მომავალში მქონდეს არამხოლოდ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ, ვისაც აქვს ამის სურვილი, არამედ ვიგრძნო რომ დასაყრდენიც მაქვს ამ საზოგადოებაში. სხვა შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბჭო იმ პრინციპებს ვერ აკმაყოფილებს, რისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა.

„ბორდის საკითხი საკმაოდ რთულია. მიმაჩნია, რომ დღეს ტელევიზიაში არსებული ბორდი, ის ბორდი არ არის, რისთვისაც საერთოდ ჩამოყალიბდა თავის დროზე. არ მინდა ვინმე აუგად მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი ის პრინციპი, რისთვისაც ბორდი შეიქმნა, დარღვეულია. ამიტომ, მე თვითონ ბევრი კითხვა მაქვს მთთან“ - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.