ღარიბაშვილი: საპატრულო პოლიციის რეფორმა წარმატებული  პროექტი იყო, თუმცა ჩვენი მიზანი უკეთესობისკენ წინსვლაა

ღარიბაშვილი: საპატრულო პოლიციის რეფორმა წარმატებული პროექტი იყო, თუმცა ჩვენი მიზანი უკეთესობისკენ წინსვლაა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის რეფორმა წარმატებული  პროექტი იყო, თუმცა ახალი ხელისუფლების მიზანი იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრაა, რაც დღემდე არსებობდა. 

აღნიშნულის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით,  კანონდარღვევის შემთხვევაში, მინისტრიც ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.

„ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედეთ კანონის შესაბამისად, განურჩევლად სამართალდამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი მდგომარეობისა. არღვევს მინისტრი კანონის მოთხოვნებს? ის ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი მოქალაქე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის განცხადებითვე, საპატრულო პოლიციის რეფორმა წარმატებული  პროექტი იყო, თუმცა ახალი ხელისუფლების მიზანი იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრაა, რაც დღემდე არსებობდა, რაც მისი განმარტებით, გულისხმობს, როგორც დეპოლიტიზაციის პროცესს, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თითოეული პოლიციელის სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მოქალაქეების უსაფრთხოების უკეთ დაცვას და დანაშაულის პრევენციას.

„ეს ცვლილებები უკვე დაიწყო. ძველ პოზიციებზე წინა ხელისუფლების პირობებში უდანაშაულოდ,  უსამართლოდ გათავისუფლებული სამართლადამცველები დაბრუნდნენ, ახალ შემადგენლობას პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულები დაემატნენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.