ბაქრაძე: NDI-ის კვლევებს ვენდობით, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ

ბაქრაძე: NDI-ის კვლევებს ვენდობით, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე NDI-ის კვლევის შედეგებს ენდობა და არსებულ პოლიტიკური რეალობას თვალს უსწორებს.

როგორც from.ge-ს დავით ბაქრაძემ განუცხადა, როგორც წესი, არჩევნების შემდეგ ელექტორატის განწყობებს  შორის დისბალანსი ყოველთვის არის.

მისი თქმით,  პოსტსაარჩევნო პერიოდში, სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა უფრო მეტია, ვიდრე ეს არის არჩევნების შუალედურ პერიოდში.

„ნამდვილად არ მინდა, რომ თავი მოვიტყუო განსხვავებით წინა ოპოზიციისგან,  რომელიც რეგულარულად აცხადებდა, რომ არ ენდობოდა ასეთ კვლევას.  ჩვენ ამ კვლევებს ვენდობით, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ“, - აცხადებს კანონმდებელი.

ყოფილი სპიკერი მიიჩნევს, რომ ახალ ხელისუფლებას მაღალი რეიტინგი  აქვს, რომელიც განპირობებულია იმ მაღალი მოლოდინებით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდა.

„მაგრამ, ის თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამ რეიტინგის შენარჩუნებას, ეს ორ ფაქტორზეა დამოკიდებული.  ერთის მხრივ, რამდენად შესრულდება წინა საარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებები და მეორეს მხრივ, ეს დამოკიდებულია იმაზე „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენად შეძლებს ადეკვატური და აქტიური საპარლამენტო ძალა იყოს. იმის საფუძველი არ გვაქვს, რომ ამ კვლევას არ ვენდოთ“, - დასძინა ბაქრაძემ.