„მაიქროსოფთმა“  Windows -ისა  და „მაიქროსოფთ ოფისის“  პირატული ვერსიებით მოვაჭრე საცალო ობიექტები გამოავლინა

„მაიქროსოფთმა“ Windows -ისა და „მაიქროსოფთ ოფისის“ პირატული ვერსიებით მოვაჭრე საცალო ობიექტები გამოავლინა

ხვალ, 18 დეკემბერს, 10:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (მის: თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი) „მაიქროსოფთ საქართველო“ პირატული პროგრამების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ სიახლეებზე პრესკონფერენციას გამართავს.

იყავი პირველი, რომელიც შეიტყობს „იდუმალი მომხმარებლის“ მიმდინარე პროგრამის, მისი შედეგებისა  და  პერსონალური კომპიუტერების გადამყიდველების (ვინ აწვდის მომხმარებელს პერსონალურ კომპიუტერებს „მაიქროსოფთის“ პირატული პროგრამული უზრუნველყოფით) წინააღმდეგ დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების შესახებ.

ცნობისათვის, პირატული პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ BSA-IDC-ის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პირატული პროგრამების გამოყენების მაჩვენებელი 91%-ია, რის გამოც ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან დამრღვევად განიხილება. პერსონალური კომპიუტერების გადაყიდვის ქსელი კომპიუტერებისთვის პირატული პროგრამების დისტრიბუციის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.

პრესკონფერენციაზე მოწვეულ მომხსენებლებს შორის არიან:

დავით ასათიანი, „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალური დირექტორი;

ალექსანდრე ბოლქვაძე, პარტნიორი, იურიდიული ფირმა BLC  (BSA-ს წარმომადგენელი);

ზვიად მათიაშვილი, პატენტების დეპარტამენტის უფროსი, „საქპატენტი“; 

გიორგი მაისურაძე, UGT-ის დირექტორი  

ევგენი დანილოვი, „მაიქროსოფთის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის ბიზნესის განვითარების დირექტორი.

„მაიქროსოფთმა“ კომპიუტერული ტექნიკის გადამყიდველების მიერ პირატული პროგრამების შეთავაზების მონიტორინგის პროექტი დაიწყო და პერსონალური კომპიუტერებით მოვაჭრე საცალო ობიექტები გამოავლინა, რომლებსაც  პერსონალური კომპიუტერები Windows -ის და „მაიქროსოფთ ოფისის“ პირატული ვერსიებით შემოაქვთ.

გასათვალისწინებელია, რომ საცალო ვაჭრობის ზოგიერთ ობიექტს მიზანმიმართულად შეჰყავდა მომხმარებელი შეცდომაში და ახორციელებდა არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის რეკლამირებას საკუთარ მაღაზიებში. ასეთი ტიპის შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება. ყველა განსაზღვრულ შემთხვევაში „მაიქროსოფთი“ აქტიურად მუშაობს საქართველოს „ბიზნეს სოფტვეარ ალიანსთან“ (BSA) და შესაბამის სამთავრობო ორგანიზაციებთან  საავტორო უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.