პარლამენტში ნიუთაუნის სკოლაში გარდაცვლილი მოზარდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტში ნიუთაუნის სკოლაში გარდაცვლილი მოზარდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში ქალაქ ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ადამიანთა სულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მომხდარმა ფაქტმა მთელი მსოფლიო შეაძრწუნა.

„პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს. საზარელი ტრაგედია დატრიალდა“, - დასძინა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის შტატ კონექტიკუტში საზარელი ტრაგედია დატრიალდა.  ქალაქ ნიუთაუნის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ სკოლაში შეიჭრა და 27 ადამიანი მოკლა. მოკლულთა შორის 20 ბავშვია. მკვდარია თავად ადამ ლანცაც. ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელი, სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. მომხდარის გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს მსოფლიოს ლიდერებმა. განცხადება გააკეთა თავად ბარაკ ობამამაც. ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებენ გაეროს გენმდივანი, ევროკავშირის ლიდერები და სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურები.