პაციენტის ინტერესი ჯანდაცვის სამსახურის მთავარი საზრუნავი

პაციენტის ინტერესი ჯანდაცვის სამსახურის მთავარი საზრუნავი

ჯანდაცვის ორგანოებისა და ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობისადმი  საზოგადოების  მზარდი ინტერესი ერთიათად ზრდის ჯანდაცვის სისტემის მუშაკთა  პასუხისმგებლობას. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან  ჯანმრთელობის დაცვის უფლება  ადამიანის სოციალურ უფლებათა უმთავრესი პოსტულატია.

  ახალი ხელისუფლება მოსახლეობას  დაპირდა, რომ ყველა მიიღებს ბაზისურ სამედიცინო დაზღვევას. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმებით მიღწეული სიკეთე მთელმა მოსახლეობამ რომ იგრძნოს, ამისათვის აუცილებელია,  ადამიანის ინტერესების პრიორიტეტად აღიარება.  ერთ დროს რევოლუციურ მოვლენად  აღქმული  „ესენციური  წამლების სია“ დღესდღეობიოთ მომსახურების საყოველთაოდ  მიღებული  და მრავალ ქვეყანაში უკვე კარგად  აპრობირებული ფორმაა.

სწორედ ეს გამოცდილება იგულისხმება, როდესაც GPS-ს აფთიაქები სთავაზობენ მომხმარებელს „ჯენერიკ“ პრეპარატებს 30% -იანი ფასდაკლებით. ფაქტობრივად,  ჩვენ მოწმენი ვართ ძალზე მნიშვნელოვანი, ამასთან,  პოზიტიური ნაბიჯისა, რომელსაც აფთიაქების აღნიშნული ქსელი  დგამს მომხმარებლისა და მისი ინტერესებისკენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ინიციატივას სრულიად გაუგებარი,  გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვად. მარტოოდენ იმის უსუსური მტკიცება, რომ მედიკამენტების  ცალობით გაყიდვის შემთხვევაში ირღვევა მწარმოებლის მხრიდან  წამლის გარანტირებული ხარისხის პრინციპი, რბილად რომ ვთქვათ, როგორც მოსახლეობის, ისე სპეციალისტების გაკვირვებას იწვევს.  ამ ფონზე, შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ იგივე სამინისტრო საერთოდ არ რეაგირებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს წამლის ხარისხისა და კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია – წამლის ხარისხის მთავარი მაკონტროლებელი ორგანო.

        რაც შეეხება „ესენციური მედიკამენტების სიას“, ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სასიცოცხლო მნიშვნელობის  მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც  აუცილებელია,   ყველასათვის იყოს  ხელმისაწვდომი.

 ე.წ. ჯენერიკების 350 დასახელებაა ცნობილი მსოფლიოში.  დროა, სამინისტრომ საჯარო გახადოს ამ მედიკამენტების ჩამონათვალი და შეასრულოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნა – მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მედიკამენტებით. სწორედ ეს არის მედიკამენტებთან  კანონიერი ხელმისაწვდომობის არსი.

  გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ  ახალი ხელისუფლების პირობებშიც გვიწევს ამ ელემენტარული ჭეშმარიტების არა თუ შეხსენება, არამედ დიდი ძალისხმევაც,  ამგვარი მომსახურების  ჩვენს პირობებში დასანერგად.

მოსახლეობისთვის საინტერესო უნდა იყოს, რას ნიშნავს სამედიცინო მომსახურებით ქვეყნის საყოველთაო დაფარვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს ათ  ფაქტორს, რომლებიც ნათელს ჰფენს საკითხისადმი ცივილიზებულ მიდგომას:

  1. საყოველთაო დაფარვა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით და არ განიცდის ფინანსურ სირთულეებს;                         
  2. ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი  უნდა იყოს  ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება;
  3.  საკუთარი  სახსრებიდან ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯები  არ უნდა იწვევდეს ადამიანის  გაღატაკებას.  
  4. საყოველთაო დაფარვის ყველაზე ეფექტური მეთოდია ჯანდაცვის დანახარჯების  მთელ მოსახლეობაზე განაწილება.
  5. სახელმწიფომ მუდმივად უნდა მოიძიოს ჯანდაცვისთვის დამატებითი ფინანსური სახსრები.
  6. ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები არ უნდა წარმოადგენდეს  ქვეყნის საერთო შემოსავლის 10%–ზე  ნაკლებს.
  7. სახელმწიფომ ინოვაციური ხერეხბითა და მეთოდებით უნდა მოიძიოს   ჯანდაცვისთვის აუცილებელი ფინანსები.
  8.  სახელმწიფომ შიდა რესურსების  ხარჯზე უნდა უზრუნველყოს ძირითადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.
  9. სახელმწეიფომ უნდა უზრუნველყოს გამოყოფილი თანხების რაციონალურად განაწილება.
  10. აუცილებელია,  სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა ქვეყნის ჯანდაცვის  საყოველთაო დაფარვის უზრუნველსაყოფად.

ამ ჩამონათვალიდან ნათელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  სახელმწიფოს როლი ადამიანის ჯანმრთელობის  უზრუნველყოფის საქმეში.

 ცნობილი მეცნიერის,  ნილს ბორის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, რომელიც ამბობს: „ თუ თქვენ რვა წლის ბავშვს ვერ გააგებინებთ ყველაზე რთულ თეორიას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გესმით მისი არსი“, ხელისუფლებას ვთხოვთ, რაც შეიძლება   გასაგებ ენაზე აუხსნას საზოგადოებას რა რეფორმის გატარებას აპირებს ჯანდაცვის სფეროში  და როგორ.   აღნიშნული ხელს შეუწყობს, მათ მიერ  მიღებული  გადაწყვეტილებები ადექვატურად იქნას აღქმული და არ გამოიწვევს ისეთ  გაუგებრობებს, რისი მომსწრენიც, უკეთესის მოლოდინში,  უკვე კარგა ხანია ვართ თითოეული ჩვენგანი.