ზურაბ აბაშიძე: მუდმივად ჩიხში ყოფნას და კონფრონტაციას, გამოსავლის ძიება და დიალოგი სჯობს

ზურაბ აბაშიძე: მუდმივად ჩიხში ყოფნას და კონფრონტაციას, გამოსავლის ძიება და დიალოგი სჯობს

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის რაღაც ეტაპზე, კონფლიქტის თემატიკაზეც მოგვიწევს საუბარი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერეციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რათა ჟენევის პროცესის დუბლირება არ მოხდეს.

„საკითხები უნდა გავმიჯნოთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე, რა თქმა უნდა,  მივადგებით იმ თემებსაც, რაც ყველას გვაწუხებს. ამ ეტაპზე არის საკითხები, რომელიც ჩიხურ თემებს, წითელ ხაზებს მიღმა არსებობს. რუსეთისთვის წითელი ხაზები მდგომარეობს აღიარების უკან წაღებაში, ჩვენთვის კი ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, თავისუფალი არჩევანი, ტერიტორიული მთლიანობა და სუვენერიტეტი. ამ თემებით თუ დავიწყეთ დიალოგი, ეს დიალოგი ვერ შედგება, ეს ჩიხური გზაა. ამიტომ დასაწყისისთვის გადავწყვიტეთ, რომ ჩიხური თემები გვერდზე გადავდოთ და შემდგომ ეტაპზე ალბათ, დავუახლოვდებით ამ წითელ ხაზებს. ეს არის რთული და გრძელი პროცესი. შეიძლება ამან შედეგი არ მოგვცეს, ის შედეგი, რასაც ჩვენში სწრაფად ელიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მუდმივად ჩიხში ყოფნას და მუდმივ კონფრონტაციას, გამოსავლის ძიება და დიალოგი სჯობს. ამ პირველმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ დიალოგი შესაძლებელია" - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, აბაშიძე გამოეხმაურა რუსული მხარის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგი ვერ შედგება.

„ჩვენ რუსეთის მხრიდან მუდამ გვესმოდა და დღესაც გვესმის, ეს არ არის ახალი. მათ არ სურდათ და არ სურთ ბატონ სააკაშვილთან დიალოგი. არც ადრე ვფიქრობდი და არც ახლა, რომ თუ რაიმე პრობლემაა ჩვენს ურთიერთობებში, ეს მხოლოდ პრეზიდენტის ფაქტორს უკავშირდება. ბავშვი არ ვარ და 1990-იანი წლებიც კარგად მახსოვს. არსებობს ბევრი პრობლემური საკითხები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მითითებით ასეთი შეხვედრები დაიწყო, ბევრ რამეზე მიუთითებს" - აღნიშნა აბაშიძემ.