პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს

პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს

პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, უმჯობესია, საკანონმდებლო პაკეტის საჯარო განხილვები მოხდეს და ცვლილებები დაჩქარებული წესით არ განიხილონ.

საბოლოოდ, ბიუროზე გადაწყდა, რომ პარლამენტი ცვლილებების განხილვას ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართავს.

სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტს აქვს მოსაზრება, რომ პარლამენტმა ეს პროექტი, დაჩქარებული წესით არ განიხილოს და პაკეტთან დაკავშირებით, უწყება  ვენეციის კომისიის რეკომენდაციას დაელოდოს.

არსებული ინფორმაციით კი, ვენეციის კომისიის სხდომა სავარაუდოდ მარტში გაიმართება. შესაბამისად, მათი შენიშვნებიც მარტამდე არ იქნება წარდგენილი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე. ამასთან, ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. ამას გარდა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. ასეე პროექტით ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან. ამასთან, ცვლილებებით, უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭირვალეობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწვდომობა. 

აღნიშნული ცვლილებების ავტორი - იუსტიციის სამინისტროა.