„ჰაიდელბერგცემენტის

„ჰაიდელბერგცემენტის"70-მდე მუშა-მოსამსახურე გაიფიცა

„ჰაიდელბერგცემენტის" რუსთავის საწარმოს ტრანსპორტის, რკინიგზისა და შეფუთვის საამქროების 70-მდე მუშა-მოსამსახურე დღეს დილიდან გაიფიცა.

აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელის მამუკა სულაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ქარხნის დირექტორი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებს, რამდენიმე დღის წინ კი საკუთარ კაბინეტში ერთ-ერთ მუშას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა და აძალებდა, რომ საწარმოში მომხდარი ქურდობის ფაქტი ეღიარებინა.

გაფიცული მუშების ბრალდებებს თავად დირექტორი მამუკა სულაძე უარყოფს და აცხადებს, რომ ქარხანაში ქურდობის ფაქტი მოხდა, დიდი ოდენობით დიზელის საწვავი დაიკარგა და ამ ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აცნობა, თუმცა იგი ირწმუნება, რომ მუშისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ დაწერეს განცხადება ქარხნის დირექტორის გადადგომის შესახებ და „ჰეიდელბერგცემენტის" ცენტრალურ ოფისში, გერმანიაში გადააგზავნიან. რაც შეეხება ქურდობის ფაქტს, მუშები აცხადებენ, რომ ამ ფაქტის გამოძიება მათ ინტერესებშიც შედის.