სააკაშვილი: თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ, 2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება

სააკაშვილი: თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ, 2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება

თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ, 2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის მერის რონალს რიესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება, თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ, თუ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში გარკვეულ კორექტირებას   მოვახდენთ. პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო და არჩევნების გამართვის მეთოდმა ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, სტრასბურგის მერთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და საერთო ევროპული ფასეულობები იყო.

შეხვედრისას, ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სტრასბურგში წინასაახალწლოდ მიმდინარე საქართველოს დღეების მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერთან სტრასბურგის საახალწლო ბაზრობასაც ეწვია, სადაც წელს ქართული პროდუქციაა გამოფენილი.

საქართველოს კვირეულის გამართვა, შარშან მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში ვიზიტისას დაიგეგმა, რომელიც საახალწლო ბაზრობის გარდა, სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს.

საახალწლო ბაზრობის დათვალიერების  შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა საქართველოს კულტურის დღეების მნიშვნელობაზე სტრასბურგში და იმ ისტორიულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულად გამართული არჩევნების შედეგად, მომავალ წელს ევროინტეგრაციის მხრივ ეძლევა.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.