„საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზა" მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით,  „საქართველოს რკინიგზა" მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და დამატებით რეისებს შეასრულებს.

როგორც ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის" პიარმენეჯერმა თეკო სიხარულიძემ განაცხადა, მგზავრების გაზრდილი ნაკადის გამო, განსაკუთრებით მოთხოვნად მარშრუტებზე, როგორიცაა ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებები, დამატებითი მატარებლები დაინიშნა.

სიხარულიძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზამ" აღნიშნული მიმართულებით მატარებლების გადასაყვანი ადგილების რაოდენობა 44%-ით გაზარდა, რაც 1900 ადგილს შეადგენს. ეს მთლიანად დააკმაყოფილებს აჭარის, გურიის და სამეგრელოს მიმართულებით მგზავრობის მსურველებს, მათ მიეცემათ საშუალება, სადღესასწაულო დღეებში შეფერხების გარეშე იმგზავრონ.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით აღნიშნულ პერიოდში,  დღის განმავლობაში სამი რეისი შესრულდება. თბილისიდან მახინჯაურისკენ მატარებლები გავლენ 08.00 საათზე, 10.10 საათსა და 22.35 საათზე.

მახინჯაურიდან თბილისის მიმართულებით ასევე სამი რეისი შესრულდება. დედაქალაქისკენ მატარებლები გამოვლენ - 09.15 საათზე, 18.00 საათზე და 22.40 საათზე.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით კი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ: თბილისი-ზუგდიდი – 08.50 საათი, 13.00 საათი, 23.05 საათი. ზუგდიდი-თბილისი - 09.55 საათი, 15.15 საათი და 22.00 საათი.

„საქართველოს რკინიგზის" პიარმენეჯერის განცხადებით, თბილისში მატარებლების ჩამოსვლის დრო მაქსიმალურად მორგებულია საქალაქო ტრანსპორტის სამუშაო საათებზე. „საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ უცვლელი რჩება ბილეთების ფასი ცხრა სხვადასხვა კლასის ადგილებზე და მერყეობს 5-იდან 40 ლარამდე. ასევე, მოქმედებს სტუდენტური 50%-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის ადგილზე და 50%-იანი ფასდაკლება საერთო ვაგონებში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

მგზავრებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ როგორც „თბილისი ცენტრალის" სალაროებში, ასევე ინტერნეტის საშუალებით და სწრაფი გადახდის აპარატებიდან.  მგზავრებს შეუძლიათ,  საინფორმაციო სამსახურს დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 1331.