#6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

#6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

უფლებადამცველი  და პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრის გიორგი თევზაძის განცხადებით, #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული  პატიმრები ი.ბერიძე, გ.მერკვილაშვილი და შ. ტვილდიანი შიმშილობენ. უფლებადამცველის განცხადებით, რომელიც მათ ადვოკატებს ესაუბრა, სამივე პატიმარი უკიდურესად  მძიმე მდგომარეობაშია. მათთვის საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარება,მკურნალობა  და სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა.

თევზაძის განცხადებით,პატიმრებს აწუხებთ „ც“ ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ხოლო პატიმარ დოკვაძეს, რომელსაც ცემის შედეგად დაზიანებული აქვს ხერხემალი, სასწრაფო ტომოგრამის გადაღება ესაჭიროება, პატიმარს აწუხებს გაუსაძლისი ტკივილები თავის არეში, დაუდგინდა ონკოლოგიური დაავადებაც.

დღეისთვის სამივე პატიმარი უვადო შიმშილობას განაგრძობს  და სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ყურადღების მიქცევას ითხოვს.

თევზაძის განმარტებით, აუცილებელია სამინისტროსა და სამედიცინო ნაწილისაგან მყისიერი და კანონშესაბამისი რეაგირება ამ ფაქტებზე და პატიმრების მიმართ სათანადო, კვალიფიციური დახმარების გაწევა. „ვესაუბრე პატიმართა ადვოკატებსაც. ამ ფაქტების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, პატიმრების მდგომარეობა უთანაბრდება წამებას და მყისიერ რეაგირებას სათანადო სტრუქტურებიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები კეთილგონიერებას გამოიჩენენ. როგორც ზოგადი ინფორმაციებით იკვეთება, ფაქტიურად ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებების პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტების,  განსაკუთრებით ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ნაკლებობა. ამასთან ერთად, როგორც სამედიცინო ნაწილი, ისე ადმინისტრაცია ყველა შემთხვევაში ვალდებულია სათანადო ყურადღება გამოიჩინოს პატიმრების, მითუმეტეს მოშიმშილე და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ“,-აცხადებს უფლებადამცველი.