კახა კუკავა გეტოების პრობლემების მოსაგვარებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარის გამოყოფას ითხოვს

კახა კუკავა გეტოების პრობლემების მოსაგვარებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარის გამოყოფას ითხოვს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი კახა კუკავა თბილისის გარეუბნებში არსებული გეტოების პრობლემების მოსაგვარებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარის გამოყოფას ითხოვს.

„დედაქალაქის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტებისთვის, როგორიცაა თავშესაფრის გარეშე მყოფი მოქალაქეების დახმარება და თბილისის გარეუბნებში არსებული გეტოების პრობლემის მოგვარება. სააკაშვილის მმართველობის წლებში თბილისში რეალურად გაჩნდა ე.წ. მე-13 რაიონი - გეტოების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის უღატაკესი ფენებია შეფარებული. სამარცხვინოა გამწვანებაზე და სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე ფიქრი, როცა ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს უწევს არსებობა ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, გათბობის და საკვების გარეშე“– აცხადებს კუკავა.

კუკავა მიიჩნევს, რომ გეტოების დროებით საცხოვრებლებად მოწყობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, მანამ, სანამ ქვეყნის მთავრობა არ მიიღებს რაიმე სხვა გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ მოაგვარებს თავშესაფრის გარეშე მყოფთა პრობლემებს.