კობა დავითაშვილი: დეპუტატის მიმართ, საგამოძიებო საქმის წარმოება შესაძლებელია,  ეს იმუნიტეტი წლებია შეზღუდულია

კობა დავითაშვილი: დეპუტატის მიმართ, საგამოძიებო საქმის წარმოება შესაძლებელია, ეს იმუნიტეტი წლებია შეზღუდულია

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის დაკითხვაზე დაბარება არ შეიძლება, რადგან დეპუტატს მისი იმუნიტეტი იცავს“, აცხადებს, რომ დეპუტატისთვის ეს იმუნიტეტი უკვე რამდენიმე წელია შეზღუდულია და აღნიშნავს, რომ პარლამენტის ყოფილმა  თავმჯდომარემ ეს უნდა იცოდეს.

შესაბამისად, დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს 2006 წელს მათ მიერვე განხორციელებულ  ინიციატივას ახსენებს, რომლის თანახმადაც, დეპუტატს იმუნიტეტი შეეზღუდა.

„რამდენადაც ვიცი,  2006 წელს  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ბატონი მიხეილ სააკაშვილი იყო ინიციატორი,  დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვისა, რომელიც გულისხმობს, რომ პარლამენტარის მიმართ,  შესაძლებელია საგამოძიებო საქმის წარმოება და თანხმობა მხოლოდ დაპატიმრებაზე,  ჩხრეკაზე და აშ. არის საჭირო.  როგორც ჩანს,  ბაქრაძეს დაავიწყდა,  რა ინიციატივა შემოიტანა სააკაშვილმა და რა მიიღო პარლამენტმა. ვურჩევ მას  ჩაიხედოს კონსტიტუციაში და ამის მიხედვით იმოქმედოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება, ბაქრაძის განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკითხვაზე გამოუცხადებლობის გამო, კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებისადმი შეთავაზებულ ორ ალტერნატივაზე, დავითაშვილი აცხადებს, რომ   კონკრეტულად ბაქრაძეს, მან კითხვით არაერთხელ მიმართა და ახლაც ეკითხება. 

„ძალიან ვთხოვ, პასუხი ან წერილობით, ან ზეპირად, ან ნებისმიერი ფორმით გამცეს, რატომ გასცა ბრძანება სახელმწიფო ქონების დაზიანების და განადგურების შესახებ.  ვგულისხმობ, პარლამენტის შენობას თბილისში. თვითონ მოქმედებდა მარტო, თუ სხვისი დავალებით?“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით ბაქრაძის განცხადებით,  საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის დაკითხვაზე დაბარება არ შეიძლება, რადგან დეპუტატს მისი იმუნიტეტი იცავს.

ბაქრაძე ხელისუფლებას კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად,  მოქმედების ორი ალტერნატიული გზას სთავაზობს.

 „კანონმდებლობით და კონსტიტუციით დაუშვებელია პარლამენტარის დაკითხვაზე დაბარება ან მის წინააღმდეგ საგამოძიებო ქმედების დაწყება, თუ ამის თაობაზე არ არსებობს პარლამენტის თანხმობა. თუ იქნება ღია წესით გამოგზავნილი კითხვები, ასევე ღია წესით საპარლამენტო უმცირესობის ნებისმიერი წარმომადგენელი მზად იქნება,  უპასუხოს ამ კითხვებს. ეს იქნება კანონის დაცვით და საზოგადოებისათვისაც გასაგები. ეს არის პირველი ალტერნატივა. მეორე ალტერნატივაა- თუ სამართალდამცავები არ არიან მზად ასეთი ღია კითხვების დასმისათვის, ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და აიღონ ნებართვა, რომ კონკრეტული პარლამენტის წევრი მიყვანილ იქნას დაკითხვაზე“,- განაცხადა ბაქრაძემ.