ნიკა ჩიტაძე: შემდგომი მოლაპარაკების დროს გასათვალისწინებელია, რა მოთხოვნები შეიძლება წამოაყენოს რუსულმა მხარემ

ნიკა ჩიტაძე: შემდგომი მოლაპარაკების დროს გასათვალისწინებელია, რა მოთხოვნები შეიძლება წამოაყენოს რუსულმა მხარემ

შეხვედრა, რომელიც რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შედგა, დადებითი ფაქტია, თუმცა, გასათვალისწინებელია ის კონკრეტული საკითხები, რაც შემდგომი მოლაპარაკების პროსცეში გამოიკვეთება. ამის შესახებ from.ge-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან ჟენევის ფორმატის პარალელურად უნდა განახლდეს, სადაც არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საკითხები განიხილება.

„თუმცა, მეორეს მხრივ, ახალმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ შესაძლებელია, რუსეთის მხრიდან არსებობდეს გარკვეული მოთხოვნები იმის სანაცვლოდ, რომ ქართული პროდუქცია დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე ან მოხდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება. მაგალითად, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების სანაცვლოდ ხომ არ გადახედავდა საქართველო საკუთარ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ევროკავშირთან ან ნატოსთან მიმართებაში და ა.შ. ამიტომაც, ჩემი აზრით, საქართველომ უნდა დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები მოლაპარაკების პროცესში. თვითონ ის ფაქტი, რომ გუშინ მოლაპარაკება შედგა და ყინული დაიძრა, დადებითია. თუმცა, შემდგომი მოლაპარაკების დროს, გასათვალისწინებელია, რა საკითხები შეიძლება დაისვას და რა მოთხოვნები შეიძლება წამოაყენოს რუსულმა მხარემ“ - განუცხადა from.ge-ს ნიკა ჩიტაძემ.

ამასთან, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მიუხედავად ქართულ და რუსულ მოლაპარაკებების დაწყებისა, შეშფოთების საფუძველს იძლევა ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის დელეგაციის მიერ შეხვედრის დემონსტრაციულად დატოვების ფაქტი.

„შეშფოთების საფუძველს იძლევა კარასინის პოზიცია ჟენევის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებათა ფარგლებში, როდესაც რუსეთის დელეგაციამ აფხაზურ და ოსურ მხარესთან ერთად,დემონსტრაციულად  დატოვა ის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გაეროს, ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლები. შესაძლოა, ამით რუსეთმა მიანიშნა იმაზე, რომ მას სურს საქართველოს დაელაპარაკოს პირისპირ, ერთი ერთზე და არა შუამავლების მეშვეობით, რადგან დღეს რუსეთი აცნობიერებს იმას, რომ მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოს ზურგს უმაგრებს დასავლეთის დემოკრატიული სამყარო“ - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პირველი არაფორმალური შეხვედრა გუშინ ჟენევაში შედგა.

„შეხვედრა ჟენევის ერთ-ერთ გარეუბანში შედგა. აღვნიშნეთ, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. დასაწყისისთვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი რეგულარულ საფუძველზე გაგრძელდება და ვიმსჯელეთ ამ ფორმატის ტექნიკურ ასპექტებზე" - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ.