ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ახალგაზრდამ 27 ადამიანი მოკლა

ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ახალგაზრდამ 27 ადამიანი მოკლა

აშშ-ს კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ 27 ადამიანი მოკლა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ადამ ლანცამ ჯერ სახლში საკუთარი დედა მოკლა, რომელიც მასწავლებელი იყო. შემდეგ კი, სკოლაში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლას 20 ბავშვი და 7 მოზრდილი ემსხვერპლა.

მკვდარია თავად ადამ ლანცაც, რომელმაც, სავარაუდოდ თავი მოიკლა. New York Post-ის ცნობით, ადამ ლანცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული.

სკოლაში სროლის დროს 600 ბავშვი იმყოფებოდა. უსაფრთხოების მიზნით ქალაქის სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია.

ტრაგედიის გამო მსოფლიო ლიდერები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ. ემოციური განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც, რომელმაც მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

მომხდართან დაკავშირებით ამერიკელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა, ევროკავშირის ლიდერებმა  - ქეთრინ ეშტონმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ, კანადის, ბრიტანეთის, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.