ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს იუსტიციის სამინისტრო წარადგენს

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს იუსტიციის სამინისტრო წარადგენს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრო საკუთარ რეკომენდაციებს პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვების დროს წარადგენს.

როგორც from.ge-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძემ განუცხადა, ის ამ ეტაპისთვის, კანონპროექტს არ გაცნობია.

„თუ არ ვცდები, საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტროში ჯერ არ შესულა. შეიძლება რომელიმე დეპარტამენტში შევიდა კიდეც. როგორც კი, ხელთ ჩამივარდება გავეცნობი და ამის შემდეგ, ჩვენს მოსაზრებებსაც გამოვთქვამთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის ინიცირებული პაკეტით, ნარკოტიკური ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შესაძლოა გაუქმდეს და მოხმარებისთვის სახელმწიფო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლოს. გადახდილი ჯარიმის თანხის ოდენობით კი, სახდელდადებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა  მკურნალობის კურსი შესაბამის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გაიაროს. რაც შეეხება სანქციებს,  საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების მიზნის გარეშე, უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას - 600 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისთვის ორჯერ ან მეტჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი დაჯარიმდება 3 500 ლარის ოდენობით ან შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა ექსპერტებთან ერთად საკანონმდებლო პაკეტიც მოამზადა, თუმცა, მთავრობასთან არსებული  წინააღმდეგობის გამო, პროექტის მიღება არ მოხდა.