ნინო გიორგობიანი: გივი ჩხიკვაძის გათავისუფლებაზე ოსურ მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

ნინო გიორგობიანი: გივი ჩხიკვაძის გათავისუფლებაზე ოსურ მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული გივი ჩხიკვაძის გათავისუფლებაზე ოსურ მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც გიორგობიანი from.ge-სთან საუბარში აცხადებს, მისი ინფორმაციით, კირბალში მცხოვრები 63 წლის გივი ჩხიკვაძე სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მიზეზით დააკავეს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უკვე, რამდენიმე დღეში კონკრეტული შედეგი გვექნება. ვფიქრობთ, რომ  გივი ჩხიკვაძე მალე გათავისუფლდება“, - განაცხადა გიორგობიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 63 წლის გივი ჩხიკვაძე დააკავეს.

დაკავებულის ნათესავების თქმით,  ჩხიკვაძე ჯერ სოფელ ღრომში, ხოლო შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს.

სოფელ კირბალის მაცხოვრებლების თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალის უკვე მეოთხე მკვიდრი დააკავეს.