ირმა ნადირაშვილი: მთავრობამ ახალი თვითმფრინავის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

ირმა ნადირაშვილი: მთავრობამ ახალი თვითმფრინავის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ 16-21 დეკემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საფრანგეთში აგზავნის ვინმე ედუარდ გოგიაშვილს, მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავის შესაძენად. ამის შესახებ დღეს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპრალამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით სამწუხაროა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოხსნა გრიფი „საიდუმლო" პრეზიდენტის ფრენებს და გამოაქვეყნა სქემა, როგორც „რაღაც დანაშაულებრივი დოკუმენტი".

 ნადირაშვილის განცხადებით, ამ ჩამონათვალში არის არაერთი ქალაქისა და ქვეყნის სახელი, თუმცა, მიზეზები არ წერია, რატომ გადაადგილდებოდა იქ პრეზიდენტი. მისივე განმარტებით, ძალიან ბევრ დასახელებულ ქალაქში პრეზიდენტი გაჩერდა ნახევარი ან ერთი საათით, რადგან ეს იყო ვრცელი გადაფრენები და ეკიპაჟმა საწვავი შეავსო.

 ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ქვეყანა არის პერუ, სადაც, ნადირაშვილის ცნობით, პრეზიდენტი გაემგზავრა იმისთვის, რომ იყო ძალიან დიდი რისკი, მომხდარიყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე, ჩამოთვლილ ერთ-ერთ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი თანამომხსენებელი საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად.

„ჩამონათვალში არის ნიცა. პრეზიდენტი იქ იყო იმიტომ, რომ მონაწილეობა მიეღო ცერემონიაში, სადაც ბათუმი დააჯილდოეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი განვითარების კურორტი. სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ იმის ნაცვლად, ირაკლი ალასანიამ იზრუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, რაც პირდაპირი მოვალეობაა, ის არის აყოლილი პირად წყენებს და ახორციელებს სხვადასხვა ნაბიჯებს" - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით სამარცხვინოა მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავის შეძენა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოისმინეს განცხადებები, რომ არ არსებობს თანხა, რათა ჯარი გამოიკვებოს.

„ჩვენთვის სამარცხვინოა ის ფაქტი, როდესაც მოვისმინეთ ივანიშვილის გულწრფელი აღიარება, როდესაც მის სახლთან პირამოკერილ ადამიანებს შეხვდა, რომ მას არ შეუძლია მათი დახმარება, რადგან მათ რომ დაეხმაროს, კიდევ ათასი ადამიანი მიადგება" - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენოს მის ბალანსზე არსებული თვითმფრინავი, მიიღეს გადაწყვეტილება, მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავი შეიძინონ.