ალექსი პეტრიაშვილი: მარტენს შეუძლია ჩამოვიდეს  და დარწმუნდეს, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა არ არსებობს

ალექსი პეტრიაშვილი: მარტენს შეუძლია ჩამოვიდეს და დარწმუნდეს, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა არ არსებობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ვილფრედ მარტენის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,   „დაპატიმრებები, ახალი მთავრობის ქმედებები და მედია-საშუალებებზე ზემოქმედება, ევროპაში შეშფოთებას იწვევს“ და აღნიშნავს, რომ ის მარტინესსაქართველოში ეპატიჟება იმაში დასარწმუნებლად, რომ აქ, შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა არ არსებობს.

„ბატონი მარტენსი ტექსტს კითხულობდა, რომელიც არ ვიცი, ვისი დაწერილი იყო, მაგრამ შემიძლია,  გითხრათ,  რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამი ქვეყნის წარმომადგენელთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესეო შეხვედრა გაიმართა. ესენი იყვნენ შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი. ეს იყო უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული შეხვედრა, ძალიან გულწრფელი, გულახდილი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის სრული პატივისცემით გაგრძელდება საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რაც არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენ მზად ვართ,  მაქსიმალური გამჭვირვალეობისთვის. ნებისმიერ პიროვნებას, მათ შორის ბატონ მარტენს, ნებისმიერ დონეზე,  იქნება ეს ექსპერტების თუ დამკვირვებლების, შეუძლია ჩამოვიდეს და დააკვირდეს ამ პროცესს, მიიღოს აქტიური მონაწილეობა, განხორციელდეს მონიტორინგი, რათა ყველა დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველოში არ არსებობს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით,  ყველა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ კანონის უზენაესობის პატივისცემით ხორციელდება.