ფრაქცია

ფრაქცია " ქართული ოცნება-თბილისის " წარმომადგენლები, ყოფილ ჩინოვნიკებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-თბილისის " თავმჯდომარე , გიორგი მუსხელიშვილი და ამავე ფრაქციის წევრი მაკა გვარამია წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ გიორგი მუსხელიშვილმა და მაკა გვარამიამ დღეს, for.ge -ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც მაკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს დავით საყვარელიძეს დეპუტატის მანდატი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

"დეპუტატის მანდატი არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ასე რომ მივმართავთ ყოფილ ჩინოვნიკებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გაინაწილონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც საზოგადოებას წლების განმავლობაში თავს დაატეხეს. ეს შეეხება ქონების უკანონო ჩამორთმევას, ტერორს ბიზნესზე და სხვა. ძალიან კარგად გვახსოვს მათი "პიარზე" გათვლილი დაჭერები - როგორ იჭერდნენ ხალხს, მერე გამოჰყავდათ საკნებიდან და მეორე დღეს კამერების თანდასწრებით, თავიდან იჭერდნენ და სპექტაკლებს გვიდგამდნენ. ეს ჩვენს ხელისუფლებაში არ განმეორდება. ვთხოვთ მათ, რომ გაიაზრონ ყველაფერი და პასუხი აგონ იმ დანაშაულებებზე, რაც ჩაიდინეს"- განაცხადა მაკა გვარამიამ.

გიორგი მუსხელიშვილის თქმით, იგი საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან დასახელებულ ტერმინს - " პოლიტიკური დაჭერები" აპროტესტებს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ყოფილი ჩინოვნიკების დაკითხვა და დაკავება სამართლიანად მიმდინარეობს და წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი მასალაც გააჩნია.

"იმ დანაშაულებებს, რაც წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ჩაიდინეს, დღეს რეაქცია მოყვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ჩვენ ვაპროტესტებთ ყოფილი ხელისუფლების ყოფილი ჩინოვნიკების გამონათქვამებს იმის შესახებ, რომ ეს არის პოლიტიკური დაჭერები . მე პირადად, შემიძლია ძალიან ბევრი მასალა მივაწოდო შესაბამის ორგანოებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაკითხვაზე იყვნენ დაბარებული, არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კონკრეტული დანაშაულისთვის დაიბარეს" - აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.