ლტოლვილთა სამინისტრო თვითნებურად დაკავებულ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლტოლვილთა სამინისტრო თვითნებურად დაკავებულ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო თვითნებურად დაკავებულ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„რადიკალურად განწყობილი და გარკვეული ძალების მხრიდან მართული ჯგუფების მხრიდან თვითნებურად დაკავებული იყო 53 ობიექტი. ბოლო შემოწმებით, დაკავებულია 45 ობიექტი.

ის, რომ სხვის საკუთრებაში შეჭრა არის კანონდარღვევითი ქმედება, ჩვენთან ერთად იზიარებენ საერთაშორისო, არასამთავრობო და პარტნიორი ორგანიზაციები.

ერთ-ერთი ასეთი ობიექტია ყოფილი პოლიკლინიკის შენობა (ბაქოს ქუჩა #1). აღნიშნულ შენობაში დევნილთა სამინისტრომ განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები ნგრევადი "ბამბის ნართი-ს" შენობაში მცხოვრებ დევნილთა გადასაყვანად, თუმცა სარემონტო სამუშაოს დასრულებამდე იქ ერთი რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მხრიდან მოხდა თვითნებური შეჭრა. შესაბამისად, ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები დღემდე რისკის ქვეშ რჩებიან და აღნიშნულ მისამართზე გადაყვანა ვერ ხერხდება.

ამავდროულად, ეს არის კონფლიქტი დევნილთა 2 ჯგუფს შორის - ერთი, რიმლებმაც უკანონოდ დაიკავეს ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის რეაბილიტირებული ფართი (ბაქოს ქუჩა #1) და ამავე დროს, ეს არის კონფლიქტი შეჭრილებსა და თბილისის მერიას შორის, რომლის საკუთრებას წარმოადგენს აღნიშნული შენობა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო და კერძო საკუთრების სხვადასხვა ობიექტების თვითნებური დაკავება 3 ოქტომბრიდან დაიწყო.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავაკმაყოფილოთ კონფლიქტის მონაწილე ჯგუფების კანონიერი ინტერესები. მიმდინარეობს მუშაობა დევნილი საზოგადოების 18-წლიანი დაგროვილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მექანიზმებზე, როგორიცაა, მშენებლობები, კარკასული ობიექტების რეაბილიტაცია და საცხოვრებლად გადაკეთება და ასე შემდეგ. შესაბამისად, დევნილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ნუ მოქმედებენ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევებთან, როდესაც, ყველა კმაყოფილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. დევნილთა ორივე ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. ორივე ჯგუფს გააჩნია ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება. სამწუხაროდ, აღნიშნული ერთი კონკრეტული ობიექტით ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.

ამიტომ, სამინისტროს პოზიციაა, ვიყოთ სამართლიანობის პრინციპების მხარეს. აქედან გამომდინარე, ბაქოს ქუჩა #1-ში უნდა განთავსდნენ ნგრევადი „ბამბის ნართის" დევნილები, ხოლო „არაშენდას" 12 ოჯახთან (რომლებმაც ბაქოს ქუჩაზე ობიექტი თვითნებურად დაიკავეს) სამინისტრო გააგრძელებს მოლაპარაკებებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად"- ნათქვამია განცხადებაში.