რიჩარდ ნორლანდი და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სოფელ წინწყაროში ჩავლენ

რიჩარდ ნორლანდი და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სოფელ წინწყაროში ჩავლენ

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ჩავლენ.

ისინი ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის რელიგიური თემის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები მიიღებენ.

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში უკვე რამდენიმე კვირაა, ვითარება დაიძაბა. დავა რელიგიურ საკითხებზე სოფელში მას შემდეგ დაიწყო, რაც, ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მუსლიმმა სოფლის საერთო სასაფლაოს კარიბჭიდან ჯვარი ჩამოხსნა.

წინწყაროს ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სოფლის ერთ-ერთ სახლში მოწყობილ მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ლოცვის ჩატარებას აღარ დაუშვებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მცდელობას მაინც ექნება ადგილი, იქ მისულ მუსლიმ მლოცველებს ფიზიკურად გაუსწორდებიან.

ამასთან, სოფელ წინწყაროს როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი მცხოვრებლები დაპირისპირების შეგნებულად პროვოცირებაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, წლების განმავლობაში მშვიდობიანად და ერთმანეთის რელიგიის პატივისცემით ცხოვრობდნენ, თუმცა, ბოლო პერიოდში სიტუაცია გარეშე პირების ჩარევით ხელოვნურად დაიძაბა. ადგილობრივი მოსახლეობა საქმის პოლიტიკურ მხარეზეც საუბრობს. მათი განცხადებით, რელიგიურ თემებზე სპეკულირება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მუსლიმ მოსახლეობას მხარდაჭერის შემთხვევაში მეჩეთის აშენებას ჰპირდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაძაბულობის პროვოცირებაში აქტიურად მონაწილეობენ უფლებადამცველთა გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ლოცვების მოწყობის ინიციატორებთან უშუალო კავშირი აქვთ.