ირაკლი მენაღარიშვილი: რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების პირველ შეხვედრაზე, რაიმე გარღვევას არ უნდა ველოდოთ

ირაკლი მენაღარიშვილი: რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების პირველ შეხვედრაზე, რაიმე გარღვევას არ უნდა ველოდოთ

რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების ხვალინდელი შეხვედრა პირველია და რაიმე გარღვევის მოხდენა შეუძლებელია. ამის შესახებ from.ge-ს საერთაშორისო ექსპერტმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა.

მენაღარიშვილი პროგნოზირებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ინფორმაციას გაცვლიან და შემდეგი შეხვედრის შესახებ, ტექნიკურ საკითხებს შეათანხმებენ.

„უნდა ველოდოთ იმას, რომ მხარეები ერთმანეთს გაუცვლიან ინფორმაციას საკუთარი პოზიციებისა და ხედვების შესახებ,  მოილაპარაკებენ ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკების შემდგომი გაგრძელების შესახებ“ - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მომხდარი ინციდენტი, ხვალინდელ შეხვედრაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„მსგავსი გამწვავებები მოლაპარაკებებზე რეგულარულად ხდება და ეს არც არის გასაკვირი. იმედია, რომ ეს ფორმატი მუშაობას შემდგომშიც გააგრძელებს, ხოლო ის, რაც იქ მოხდა, რათქმაუნდა, პირდაპირ კავშირში არ არის უშუალოდ მხარეთა წარმომადგენლების შეხვედრასთან. ასე რომ აქ რაიმე გართულებას არ უნდა ველოდოთ“ - განუცხადა from.ge-ს მენაღარიშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რადგან ქართულ-რუსული ურთიერთობების გათვალისწინებით, მსგავსი მოლაპარაკებები აუცილებელია.

„ეს არის არხი, რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებობდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მძიმე მდგომარეობაშია ქართულ-რუსული ურთიერთოებები , ასეთი არხის აუცილებლობა იყო და კარგია რომ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება“ - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის ფარგლებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის მოლაპარაკებების მეორე ნაწილი რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა არგუმენტის გარეშე დატოვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე კი ჟენევაში უკვე გაემგზავრა, სადაც ხვალ ქართულ-რუსული არაფორმალური  შეხვედრა გაიმართება.

ჟენევაში დაგეგმილ პირველ ქართულ-რუსულ არაფორმალურ შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი მიიღებს მონაწილეობას.